თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. მაღალმთიანი აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – შუახევსა და ქედაში საპიკნიკე ზონები მოეწყო. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ნაკონაღვარის მთასა და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ, ხარისაწოლზე მოეწყო.
„მოგზაურებს საშუალება მიეცემათ ღია სივრცეში, ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა საკოცონე სივრცეებს, ფანჩატურებს, საქანელებიან მოსასვენებელ სივრცეებსა და ფოტოსტენდებს მოიცავს.
მსგავსი საპიკნიკე ზონები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ 2020-2021 წლებში ჩირუხის მთაზე, ჯვარიმინდროზე, სოფელ კაპნისთავსა და შუამთაზე მოაწყო.
გარდა საპიკნიკე ინფრასტრუქტურისა, წელს სააგენტო ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით აგრძელებს მუშაობას.
აჭარა ტურისტებისთვის ასოცირდება არა მხოლოდ ზღვასთან, არამედ მთის ღირსშესანიშნაობებთანაც. აჭარაში ტურისტებს შეუძლიათ არა მარტო ულამაზესი პეიზაჟებით დატკბნენ, არამედ ისწავლონ სხვადასხვა ქართული კერძის მომზადება ოჯახური ტიპის სასტუმროების დიასახლისებისგან, გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციებს და დასვენება დაუვიწყარი გახადონ.