როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა გრძელდება და პროექტი 2023 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა შესაძლებელი იქნება ვაკის გზის გვერდის ავლით, რომელიც ხშირად გადატვირთულია.
პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან მოწყობილია საყრდენი კედლების ნაწილი, ხოლო ბაგების დასახლების მხარეს სრულდება გზაგამტარის მშენებლობა.
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

„პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 1970-იანი წლების შემდეგ ამ მასშტაბის სამუშაოები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით დედაქალაქში არ განხორციელებულა. ტერიტორიაზე მოეწყობა ორზოლიანი საავტომობილო გზა. ამავე პროექტში, ყველანაირი სტანდარტის შესაბამისად, გათვალისწინებულია საფეხმავლო და ველობილიკებიც“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მერიის ცნობით, ამ დროისათვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა, ასევე ბაგების მხარეს გზაგამტარის ფილის არმირება, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა, ხოლო საგზაო სამუშაოების ნაწილში – გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები.
ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ ლარია.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლისთვის დასრულდება. 532 მეტრი სიგრძის ხიდი ოთხზოლიანი იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს