აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების მიხედვით, 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა სამი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე) მუხლებით წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.