თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულთა ასაკი 33-დან 68 წლამდე მერყეობს, მათგან სამი პირი წარსულში ნასამართლევია.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების - „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
წყარო - შსს