მსოფლიო დღეს

თურქეთი შუშაში გენერალურ საკონსულოს ხსნის

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთი ყარაბაღის ქალაქ შუშაში, რომელიც 2020 წლის ნოემბრამდე სტეფანაკერტის კონტროლქვეშ იყო, გენერალურ საკონსულოს ხსნის, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ.
აზერბაიჯანში ერდოღანი ზანგელანში აეროპორტის გახსნაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც სომხეთისა და ირანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ შუშაში გენერალური საკონსულო თურქეთის ასეთი ტიპის მესამე დიპლომატიური წარმომადგენლობა იქნება აზერბაიჯანში.
ამ დროისათვის გენერალური საკონსულოები უკვე არსებობს აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში, ასევე ნახჭევანში — რესპუბლიკის იმავე სახელწოდების ადმინისტრაციულ ცენტრში.
ქალაქი შუშა ბაქოს კონტროლქვეშ 2020 წლის 8 ნოემბერს გადავიდა ყარაბაღში 44-დღიანი საომარი მოქმედებების შედეგად. 28 წლის წინ დაკარგული შუშის აღება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანის ჯარებმა დაიკავეს ყარაბაღის სამხრეთი ნაწილი შუშიდან ირანთან საზღვრამდე მდინარე არაქსის გასწვრივ, ასევე მცირე ტერიტორია რეგიონის ჩრდილოეთით. გარდა ამისა, 2020 წლის 10 ნოემბრის ღამით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს დაუბრუნდა ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ამ დროისათვის რეგიონში რუსი სამშვიდობოები არიან განლაგებული.