თუ შეძენილი გაქვთ, არ გამოიყენოთ: სურსათის სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საწებელისა და წიწაკის ორ ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავი Sudan I შპს „გემოს“ ტომატის საწებელში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, აკრძალული საღებავი Para Red აღმოჩნდა ინდმეწარმე შორენა კაპეტივაძის მიერ წარმოებულ წითელ წიწაკაში. სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს-ოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.

„შპს „გემოსა“ და ინდმეწარმე „შორენა კაპეტივაძეს“ აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია, დაევალათ დასახელებული სურსათის ბაზრიდან უმოკლეს ვადაში გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან. ბიზნეს-ოპერატორები დაჯარიმდნენ. სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ აღნიშნული პროდუქცია უკვე შეძენილი აქვთ, არ გამოიყენონ ის.
„სუდანის” ჯგუფის საღებავები — ეს AZO-შენაერთებია და ის ბუნებრივად არ გვხვდება, მით უმეტეს, საკვებ პროდუქტში. AZO-საღებავები გამოიყენება ქაღალდის, პლატმასის, ლაქების, ფანქრების, ტყავისა და სხვადასხვა ბოჭკოების შესაღებად.