მსოფლიო დღეს

რუსული აქტივების კიევისთვის გადაცემა: ევროკომისიას მექანიზმის შემუშავება დაევალა

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ დაავალა ევროკომისიას, რომელიც კანონების მომზადებაზეა პასუხისმგებელი, მოამზადოს ვარიანტები, თუ როგორ შეიძლება გაყინული რუსული აქტივების გადაცემა უკრაინის აღსადგენად.
ევროპულმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება 20-21 ოქტომბრის სამიტზე მიიღო.

„ევროკავშირის საბჭო აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას, მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას საერთაშორისო მოკავშირეებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. ევროპული საბჭო მოუწოდებს ევროკომისიას, წარმოადგინოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ვარიანტები უკრაინის აღსადგენად საერთაშორისო სამართლისა და ევროკავშირის კანონების შესაბამისად“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის ქვეყნებმა 17,4 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული ბიზნეს-აქტივები და 23 მილიარდი ევროს ოდენობის რუსეთის ცენტრობანკის აქტივები გაყინეს. რუსული აქტივების გამოყენების საკითხის განხილვა ევროკავშირში ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. პირველი ოფიციალური წინადადება ჟოზეპ ბორელმა მაისში გააკეთა. 9 ოქტომბერს Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ევროკომისია სანქცირებული აქტივების დაყადაღების უფლების მოპოვებაზე მუშაობდა. კრემლმა ამ მექანიზმს „ბანდიტიზმი“ უწოდა.