რეფორმა ენერგეტიკის სექტორში: გერმანია საქართველოს 27 მლნ ევროს გამოუყოფს

Sputnik
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის სექტორში რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს, იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
უწყების განცხადებით, თანხის გამოყოფა ბიუჯეტის მხარდამჭერი პროგრამის მეშვეობით მოხდება.
საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის შეთანხმება, რომელიც ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას გულისხმობს, დღეს გაფორმდა.

„ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა განაგრძობს განახლებადი ენერგიების, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას“, — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
გარდა ამისა, ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერიც.