თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. დადგინდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ნელი დოროყაშვილი არ არის დაზარალებული და ძალადობის მსხვერპლი, და რომ ეს დოროყაშვილი ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ბასილაშვილს სისტემატურად, ცილს სწამებდა მას, განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ.
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
„დაცვის მხარის მოლოდინი გამართლდა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ბოლო ორი წლის განმავლობაში სკეპტიკურად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ შესაძლოა დაზარალებული სწორ ინფორმაციას გვაწვდიდა. <...> სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება ნიკოლოზ ბასილაშვილის უდანაშაულობა“, – განაცხადა გვაზავამ.
თუმცა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორი ნათია გურული ჩოგბურთელისთვის გამამართლებელი განაჩენის გამოტანას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ბრალდების მხარე განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.
„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“, – განაცხადა პროკურორმა.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. ორი დღის შემდეგ, 24 მაისს კი 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.