თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიის როლი მდგომარეობდა ვაკის პარკის შადრევნის პროექტის დაგეგმვაში, დაკვეთასა და დაფინანსებაში, მერიის თანამშრომელს არ შეეძლო გამოევლინა რაიმე ტიპის დარღვევა, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 19 ოქტომბერს ცხრა ადამიანი დააკავა. ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი მოზარდი გადარჩა.
დაკავებულთა შორისაა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი, რომელსაც ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
„მერიის როლი იყო დაგეგმვა, დაკვეთა და დაფინანსება. შეუძლებელი იყო მერიის თანამშრომელს გამოევლინა რაიმე ტიპის დარღვევა სამუშაოების წარმოების დროს. მერიის გარემოს დაცვის სამსახური ტექნიკურ ზედამხედველობას არ და ვერ განახორციელებდა“, – განაცხადა ხმალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მერიას არ ჰყავს არც მუშა, არც ხელოსანი, არც ელექტრომექანიკოსი და არც ექსპერტი. იგი ადმინისტრაციული ორგანოა, რომელიც განკარგავს ბიუჯეტს და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით იღებს დაგეგმარებით გადაწყვეტილებებს, აღნიშნა ხმალაძემ.
მისი თქმით, საპროექტო ორგანო ვალდებული იყო და ახორციელებდა ზედამხედველობას. ამასთან, როგორც ხმალაძემ აღნიშნა, საპროექტო ორგანიზაციის გარეშე პროექტს ვერავინ შეცვლის.
„სამშენებლო კომპანიას შეუძლია „გადაუხვიოს“ და დაარღვიოს პროექტი. ამ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებდა ზედამხედველობას და ასრულებდა მის მოვალეობას, რატომ არ მოახდინა თავის დროზე რეაგირება?!“ – განაცხადა ხმალაძემ.
ვიცე-მერის განმარტებით, როდესაც მერია იბარებს პროექტს, საპროექტო კომპანიას კონტრაქტით ავალდებულებს, რომ სამუშაოების შესრულების დროს მან განახორციელოს ზედამხედველობა და გასცეს საჭირო მითითებები, რათა სამუშაოები შესრულდეს პროექტის მიხედვით.
„ჩვენ გვქონდა პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და ამ პროექტით დავუკვეთეთ კვალიფიციურ კომპანიას. ბოლოს აკრედიტებული ექსპერტი წერს, რომ სამუშაოები არის პროექტის მიხედვით შესრულებული, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად საპროექტო ორგანიზაცია“, – განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა პასუხი აგოს კანონის მთელი სიმკაცრით, თუ ვაკის პარკის ტრაგედიაში მისი სულ მცირე ბრალი მაინც გამოიკვეთება.
ოთხშაბათს სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ მომხდარზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს.
გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახა მურადაშვილმა განაცხადა, რომ ვაკის პარკში ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
ამ ეტაპზე გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა შემდუღებელმა, რომლებიც შადრევანში წყლის მილების დიზაინს ცვლიდნენ, წყლის მილებზე უჟანგავი ლითონის კონსტრუქციის მორგების მიზნით მოხსნეს ელექტროძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის კვლავ დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ცხაურს შორის მოაყოლეს ელექტროსადენი, რის შედეგადაც დაზიანდა სადენის იზოლაცია.
არც კომპანიამ, რომელმაც მუშები დაიქირავა, არც კომპანიამ, რომელიც პარკში შადრევნების განახლებას ახორციელებდა, არც მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა არ შეამოწმეს შემდუღებლების მიერ შესრულებული სამუშაო, რის გამოც ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩართული შადრევნის წყალს შეეხებოდა, დენი დაარტყამდა.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ინსპექტორებმა ისე წარუდგინეს მერიას დადებითი დასკვნა, რომ სინამდვილეში არ შეუსწავლიათ შადრევნების გასაახლებლად ჩატარებული სამუშაოების შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ანუ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი გახდა ყალბი საექსპერტო დასკვნა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება და სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.