თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია.
არჩევნებში აკადემიური საბჭოს 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.
ჯაბა სამუშია 2010-2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2020 წლიდან რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან გადადგა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე განაცხადი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ჯაბა სამუშიამ შეიტანა.
სამუშიას დანიშვნაზე საუბარი ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე დაიწყო სტუდენტების ნაწილმა. მათი თქმით, ის მმართველი პარტიის ინტერესების გამტარებელია და რექტორის არჩევნები სინამდვილეში ფიქტიურია.
უკმაყოფილო სტუდენტებმა საპროტესტო აქციები დაანონსეს. სტუდენტების ნაწილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტის სათავეში უნდა იდგნენ დემოკრატიული გზით არჩეული მეცნიერები, რომლებიც იზრუნებენ მეცნიერების განვითარებაზე, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრასა და განათლების ხელმისაწვდომობაზე.