პოლიციამ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 35 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს გურიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისათვის იძებნებოდა.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 23 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მამაკაცს ბრალი დაუსწრებლად 2022 წლის 13 სექტემბერს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება) წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მასზე ძებნა გამოცხადდა.