თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური სერია А-ს მეათე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია საფეხბურთო ანალიტიკისა და სტატისტიკის საერთაშორისო პორტალის Sofa Score-ს შეფასება.
Sofa Score-მ ხვიჩა კვარაცხელიას 8,3 ქულა დაუწერა – ზუსტად ამდენი ქულა დაუწერა ვებ-გვერდმა „იუვენტუსისა" და ბრაზილიის ნაკრების მცველ დანილოსაც და ეს ორი ფეხბურთელი მეათე ტურის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარა.
მეორე ავტორიტეტულმა საერთაშორისო პორტალმა whoscored კვარაცხელიას 8,9 ქულა მიანიჭა, ასევე ჩართო სიმბოლურ ნაკრებში და საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. გარდა ამისა, whoscored-მა ქართველი ნახევარმცველი ხუთი საუკეთესო ევროპული ლიგის კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურში „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და შეხვედრა 3:2 მოიგო. „ნაპოლის“ მესამე, გამარჯვების გოლი მეტოქის კარში კვარაცხელიას ზუსტი გადაცემის შედეგად გავიდა (69-ე წუთი).
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ს 26 ქულით ლიდერობს. შემდეგ თამაშს „რომას“ წინააღმდეგ „ნაპოლი“ 23 ოქტომბერს გამართავს.