ირაკლი კობახიძე: ზელენსკის გადაწყვეტილება არის სასოწარკვეთილი მცდელობა

საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს, განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესება შანტაჟის სასოწარკვეთილ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქციების ქვეშ მყოფთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი. ყველა მათგანი დაკავშირებულია საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.

„იქ არის მოხსენიებული კონკრეტული ოჯახის რამდენიმე წევრი, მაგრამ თქვენ იცით, ამას რა რიტორიკა უძღვოდა წინ და რა არის ამ ყველაფრის კონტექსტი. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ შანტაჟით ჩაითრიონ ქვეყანა ომში და გახსნან მეორე ფრონტი. ანუ, რასაც გვეუბნებიან პირდაპირი ფორმით და პირდაპირი სიტყვებით, ახლა იმას ცდილობენ შანტაჟის გზით, რაც არის სასოწარკვეთილი მცდელობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება ბერკეტები, რომ საქართველო ომში ჩართონ, და ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა არის არა დასჯა, არამედ შანტაჟი.
„მე მგონია, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არცერთ შემთხვევაში არ გაიხსნება, როგორი შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს... ვერანაირი შანტაჟით ისინი ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, რომ ქვეყნის ომში ჩასართავად დაბრუნდეს პოლიტიკაში, ეს არის უბრალოდ გამორიცხული“, – განაცხადა კობახიძემ.
თავად ბიძინა ივანიშვილი უკრაინულ სიაში არ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლება, ისევე, როგორც საქართველოში წამყვანი ოპოზიციური პარტიები, მას უწოდებენ ოლიგარქს, რომელსაც რუსეთთან კავშირები აქვს.
საქართველოში უკრაინის მიერ ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმეს >>
მეტიც, ივნისში ევროპარლამენტმა მიიღო მკაცრი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ივანიშვილის „დესტრუქციულ როლზე“ – „ერთადერთ ოლიგარქზე საქართველოში, რომელსაც აქვს პირადი და საქმიანი კავშირები კრემლთან". ევროკავშირის საბჭოსთვის მიცემულ ერთ-ერთ რეკომენდაციაში საუბარია ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების დაწესებაზე.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა საბოლოოდ 2021 წლის იანვარში დატოვა. მას შემდეგ ის არცერთხელ არ გამოჩენილა საზოგადოებაში და არც საჯარო განცხადებები გაუკეთებია.