თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. მ. იაშვილის სახელობის თბილისის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოვლინდა, რის გამოც კლინიკამ სტაციონარში პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა, განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ლიანა ჭუმბურიძემ.
კლინიკამ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზად ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოების განხორციელება დაასახელა. ჭუმბურიძის თქმით, საავადმყოფოს ადმინისტრაციამ ამ პრობლემების დაუყოვნებლივ გამოსწორება გადაწყვიტა.
„ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.
იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სტაციონარული განყოფილების დროებითი დახურვის მიზეზი სააგენტოს დასკვნა გახდა. კლინიკის ადმინისტრაციის განმარტებით, საავადმყოფოს რამდენიმე დეპარტამენტი თანამედროვე მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ამჟამად სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს სასწრაფო ჩარევას. პირველ რიგში ეს ეხება სტაციონარულ განყოფილებას.
პაციენტებისთვის 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს ცხელი ხაზი: 2 600 600.
ამასთან, როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ამოცანაა ყველა მოქალაქის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
„სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის რეფორმა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ 2025 წელს. ყველა კლინიკისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია, რათა თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მომსახურება მიიღოს“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.