მსოფლიო დღეს

მხოლოდ სახელმწიფოს თანხმობით: ბელარუსში პროდუქციაზე ფასები ვეღარ მოიმატებს

Sputnik
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. ბელარუსის მინისტრთა საბჭომ ფასების დარეგულირების ახალი სისტემა დაამტკიცა, რომლის თანახმად, მეწარმე პროდუქციის გაძვირებას მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების თანხმობით შეძლებს, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.

„ახალი სისტემის მიხედვით, ფასების რეგულირება წესდება სამომხმარებლო კალათის მთელ საქონელზე − როგორც სამამულო წარმოების, ისე იმპორტულზე“, − ნათქვამია ბელარუსის მთავრობის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამიერიდან მეწარმემ, რომელიც საქონლის გასაყიდი ფასის აწევას გადაწყვეტს, ეს საკითხი სახელმწიფო ორგანოებთან − საოლქო ან საქალაქო აღმასკომთან უნდა შეათანხმოს.
გარდა ამისა, იმპორტიორებისა და ვაჭრობის დარგისთვის მაქსიმალური დანამატების ზღვარი წესდება − მიუხედავად გარიგებაში მონაწილე შუამავლების რაოდენობისა.
ამასთან ერთად ახალი სისტემა ზღუდავს ბარტერულ გარიგებებსაც: ახლა ასეთი ოპერაციები ასევე უნდა შეთანხმდეს სახელმწიფო ორგანოებთან.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაზარზე ბელარუსული წარმოების საქონლის გატანის შემთხვევაში იკრძალება ბონუსებისა და სხვა ტიპის ანაზღაურების გადახდა საქონლის პოპულარიზაციისთვის.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ფასების გაყინვის შესახებ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც მაღაზიებს, მწარმოებლებსა და სერვისის მიმწოდებლებს არ აქვთ უფლება, დააწესონ იმაზე მაღალი ფასები, ვიდრე ეს 5 ოქტომბრის მდგომარეობით იყო. გამონაკლისი მხოლოდ Duty Free მაღაზიებია.
როგორც „Sputnik–ბელარუსი“ წერს, ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური შემოწმებები პრეზიდენტის დადგენილების დამრღვევთა გამოსავლენად. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა აღმოჩენილ დარღვევაზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.