რაჭაში რთველი დასრულდა

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. რაჭაში ყურძნის მოსავალი მთლიანად დაბინავებულია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1.570 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 1.300-მდე მევენახემ ჩააბარა; მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია.
მიმდინარე წელს რაჭაში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორის მიერ გადამუშავდა. რთველის საკოორდინაციო შტაბში, რომელიც პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ქალაქ ამბოლაურში მოქმედებდა, რეგისტრირებული იყო 60-ზე მეტი კერძო კომპანია.
რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა.
რაჭაში „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდება>>
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენი და მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 7 ლარისა. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელ ყურძენს.

რთველის პროცესში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 30-ზე მეტი პუნქტი იყო გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევდა.

რაჭის შემდეგ რთველი ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ლეჩხუმის რეგიონს წელს ადგილწარმოშობის ღვინო „ოყურეშის უსახელოური“ დაემატა, რომლის მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში.
„ოყურეშის უსახელოური" შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული „უსახელოურის“ ჯიშის ყურძნიდან. „ოყურეშის უსახელოური“ წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი.