„მოქალაქეები“ პარლამენტს ომბუდსმენობის ყველა კანდიდატს წარუდგენენ

მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს დაუთმო.
Sputnik
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“, რომელშიც ორი დეპუტატია, პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებულ 19-ვე კანდიდატს წარუდგენს, განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.
ომბუდსმენის თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევის პროცესი პარლამენტში 15 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნული პოსტის დაკავების სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება 19-ვე კანდიდატი წარვადგინოთ. ამის შესაძლებლობას რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება იძლევა. წარვადგენთ უკლებლივ ყველა კანდიდატს, ყველას მოსმენა გაიმართება პარლამენტში და ყველას სახელი და გვარი დადგება კენჭისყრაზე. კენჭისყრა არის ღია, პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე“, – განაცხადა იოსელიანმა.

ჩვენ ყველას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და სახალხო დამცველის პოსტისთვის იბრძოლოს, აღნიშნა იოსელიანმა.
„დამოკიდებულება, რომ ვიღაცას ვიღაც მოსწონს და ვიღაცას არ მოსწონს, უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მმართველ პარტიას წინასწარ ჰქონდა ნათქვამი, რომ სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებდა და ეს ოპოზიციურ ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მიანდო.
ყველაფერს პარტიები წყვეტენ: „ქართული ოცნება“ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასებებზე>>>
იმისათვის, რომ სახალხო დამცველად დაინიშნოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს არანაკლებ 90 დეპუტატის მხარდაჭერა, რაც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხმები ომბუდსმენის არჩევისას გადამწყვეტი იქნება, რადგან მას 75 დეპუტატი ჰყავს.
სახალხო დამცველს ექვსი წლის ვადით ირჩევენ.
ომბუდსმენის უფლებები
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს გასცეს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას მოსაზრება „სასამართლოს მეგობრის" სახელით კონკრეტულ პროცესებთან დაკავშირებით, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე წარადგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის იურიდიული დახმარების საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს