თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ასეთი კომენტარი გაუკეთა მდინარაძემ უკრაინის გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის შეხვედრას ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ზურაბ ადეიშვილი. შეხვედრის ფოტო კოსტინმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„ამაზე შავი იუმორი რა შეიძლება იყოს, რომ ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში რაღაცას აკეთებს? ამაზე არავის გაეცინება. სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობარი ხალხის ხელისუფლება უშვებს, რომ ერთ ქვეყანაში მტკიცებულებებით დადასტურებული ჯალათი მეორე ქვეყანაში ადამიანის უფლებებს იცავდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, თბილისი არ აპირებს ამაზე კამათს და რაიმე რეაგირებას.
„მანამდეც არ ერიდებოდნენ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ძალიან სამწუხაროა, და ამაში ცალმხრივი მეგობრობის ელემენტები შეინიშნება. ამაზე ახლა საუბარს არ ვაპირებთ... თუმცა ამაზე ვისაუბრებთ, როცა უკრაინაში მშვიდობა იქნება“, – დასძინა მდინარაძემ.
იუსტიციის ექს-მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი იყო, საქართველო ხელისუფლების შეცვლისთანავე დატოვა. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ქართულ ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეოკადრები. ამჟამად ადეიშვილი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეა, მან იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრების წამების საქმეზე განაჩენი 2021 წლის ივნისში გამოიტანა და ადეიშვილს დაუსწრებლად შეეფარდა 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა.