ხვიჩა კვარაცხელიათი მადრიდის „ატლეტიკო“ დაინტერესდა

ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „ატლეტიკოს“ და პირადად დიეგო სიმეონეს ინტერესთა სფეროში მოხვდა, წერს გერმანული გამოცემა Onefootball.
გამოცემის ინფორმაციით, „ატლეტიკოს“ მწვრთნელს გუნდიდან თავდამსხმელ ჟოაუ ფელიქსის გაშვება უნდა, რომელმაც იმედები არ გაამართლა, ხოლო მის ადგილზე – კვარაცხელიას აყვანა. მადრიდელებმა პორტუგალიელისთვის 2019 წელს 127 მლნ ევრო გადაიხადეს.
გუნდის დატოვება ჟოაუსაც უნდა, რადგან სიმეონეს გუნდში თავის მომავალს ვერ ხედავს.
როგორც Onefootball აღნიშნავს, ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის შემდეგ 35 მლნ ევრომდე გაიზარდა და ეს თანხა მადრიდელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუ, რა თქმა უნდა, ნეაპოლელები მზად იქნებიან „კვარადონას“ გამოემშვიდობონ.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და გახდა რვა „ასისტის“ ავტორი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს