თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 126 ხმით მიიღო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს ხმათა 3/5-ის უმრავლესობით აირჩევს 6 წლის ვადით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა ამ რაოდენობას ვერ მოაგროვებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით.
ამასთან, მეორე და მესამე კენჭისყრა ყოველი წინა კენჭისყრიდან 28 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ხოლო კანდიდატის შეცვლა არ შეიძლება.
დღეისათვის საქართველოში გენერალურ პროკურორს უბრალო უმრავლესობით ხუთი წლის ვადით ირჩევენ.
პროექტს მხარი დაუჭირეს როგორც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პროექტს იურიდიულ ნონსენსად თვლიან, ასევე დეპუტატებმა შემდეგი ოპოზიციური პარტიებიდან -„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „ხალხის ძალა“ და „საქართველოსთვის“.
გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, სასამართლო რეფორმასთან ერთად, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება - ეს ყველაფერი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მოთხოვნების ნაწილია. ხელისუფლების განცხადებით, ყველა პირობა წლის ბოლომდე შესრულდება.