თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი სპეციალისტები შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე სტიქიის შედეგად დაზიანებულ 22 სხვადასხვა მონაკვეთზე აღდგენით სამუშაოებს ატარებენ, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ივნისის ბოლოს რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი–ბარისახო–შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად ჩატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ამ ეტაპზე დაზიანებული ინფრასტრქტურის აღდგენისა და სტიქიის პრევენციის სამუშაოები ხორციელდება. კერძოდ, 22 სხვადასხვა მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის აღდგენა, დაზიანებული მიწის ვაკისის აღდგენა და გამაგრება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ქვაყრილის, რკინა-ბეტონის მილების, ნაპირსამაგრი ქვაყრილის, ხევზე რკინა-ბეტონის ღია ღარების, რკინა-ბეტონის კედლისა და ბეტონის ბლოკების მოწყობის სამუშაოებს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ძირითადი სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10 მლნ ლარს აღწევს.