თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. დღეს საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე დარგის მუშაკები, სახელმწიფო სამსახურები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ, იუწყება გაზეთი Le Figaro.
გავრცელებული ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საწყობების — TotalEnergies-ისა და ExxonMobil-ის აქციას, რომლებიც რამდენიმე კვირით ადრე გაიფიცნენ შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, დღეს სარკინიგზო ოპერატორ SNCF-ისა და პარიზის ტრანსპორტის სააგენტო RATP-ს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
გარდა ამისა, საფრანგეთის განათლების სამინისტროს მონაცემებით, საყოველთაო აქციაში ჩაერთო ქვეყნის პედაგოგთა მთლიანი შემადგენლობის დაახლოებით 6%, ასევე სტუდენტები, რომლებმაც ზოგ უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესასვლელები დაბლოკეს.
აგრეთვე პროტესტს შეუერთდნენ ენერგეტიკული კომპანიებიც, მათ შორის, EDF, რის შედეგადაც სრულად ან ნაწილობრივ შეჩერდა ქვეყნის დაახლოებით ათამდე ელექტროსადგურის მუშაობა.
გაფიცვას მხარს უჭერენ და აქციაში ჩართვას აპირებენ სახელმწიფო მოხელეებიც, მათ შორის, სახელმწიფო საავადმყოფოების, კერძო კლინიკებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების თანამშრომლები.
საყოველთაო გაფიცვის მთავარი ორგანიზატორია საფრანგეთის ერთ-ერთი ყველზე დიდი და აქტიური პროფკავშირული გაერთიანება CGT, რომელიც ჯერ კიდევ 1895 წელს შეიქმნა და ბრძოლა დღემდე არ შეუწყვეტია.