თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. დასკვნა ყველა ეტაპზე დადებითი იყო, შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც კი არ ჰქონდათ, რომ ასეთი დასკვნის დროს არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკის შადრევნის და კასკადის შესახებ.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
„დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში არსებული ყველა სამშენებლო ნორმის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებს უფლებაც არ ჰქონდათ, არ გაეცათ თანხმობა ჩაბარებაზე“, – განაცხადა ბასილაიამ.
როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და მერიის ინტერესია, რომ მიზეზების გამოკვლევა მოხდეს, თუ რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული.
„გამოძიებასთან სრულად ვთანამშრომლობთ და ნებისმიერი ჩვენგანი მზად არის, აგოს პასუხი, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.
მისი განმარტებით, მერიის შესაბამისი სამსახური, თავის მხრივ, ამოწმებს, აკრედიტებული არის თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება და არის თუ არა დასკვნა დადებითი.
„თბილისის მუნიციპალიტეტს არ და ვერ ეყოლებოდა ყველა დარგის ექსპერტი, რომ შესაბამისი ექსპერტიზა მომხდარიყო. ჩვენს თანამშრომელს არ ჰქონდა შესაბამისი ლეგიტიმაცია, ეჭვი შეეტანა სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში", – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ბასილაიას განმარტებით, მერიამ შეისყიდა არა ცალკე შადრევანი, ცალკე ელექტროგაყვანილობა ან რამე კომპონენტი, არამედ სრულყოფილი კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ყველა საჭირო კომპონენტს მოიცავდა.
„როდესაც პროექტის განხორციელება დაიწყო, გარკვეული ეტაპები დედაქალაქს ჩაბარდა. ყველა ასეთი ეტაპი არის დაექსპერტებული და ჩაბარებული. მათ შორის შადრევნის ნაწილი, რომლის საექსპერტო დასკვნა სახელმწიფო შესყიდვების საიტზე დევს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს ნახოს“, – განაცხადა მან.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარმოებს, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.