როდის განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს: ხუციშვილი

ბიუჯეტის პარამეტრები 5,5%-იან ეკონომიურ ზრდაზე არის დაფუძნებული, განაცხადა მინისტრმა
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. მთავრობა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიას პარლამენტს მიმდინარე წლის დეკემბერში წარუდგენს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს საპარლამენტო კომიტეტებში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საწყისი ვარიანტის განხილვა დასასრულს უახლოვდება. ბოლო კომიტეტი, რომელიც ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტს განიხილავს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტია. რეგლამენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი განხილვის შემდეგ პროექტი დასამუშავებლად მთავრობას გადაეგზავნება.
„პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის მეორე წარდგენა 5 ნოემბერს მოხდება, დეკემბერში კი დოკუმენტის საბოლოო განხილვა იქნება. ბიუჯეტის პარამეტრები 5,5%-იან ეკონომიურ ზრდაზე არის დაფუძნებული. ტრადიციულად, ეს არის კონსერვატიული დაგეგმვა, რომლითაც ბიუჯეტის წარდგენას ვიწყებთ და ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 2,8%-მდე არის შემცირებული“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი სახსრები ორი მიმართულებით გამოიყოფა - ეს არის სოციალური მიმართულება და უსაფრთხოების მიმართულება.
„პირველი ეს არის სოციალური მიმართულები. იზრდება პენსიები, სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებები... მომავალ წელსაც 10%-ით გაიზრდება ხელფასები, გარდა პოლიციისა, ჯარისა და უსაფრთხოების სამსახურისა, სადაც მომდევნო წელს ხელფასების ზრდა 20%-ის ოდენობით იქნება. ასევე მნიშვნელოვანი თანხები არის უსაფრთხოების მიმართულებით გამოყოფილი“, - განაცხადა მან.
ხუციშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯების ოდენობა არსებითად არ შემცირდება.
„მომდევნო წელს კაპიტალური დანახარჯები 6 მილიარდ ლარამდე იქნება, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისთვის, რომ ჩვენ საჯარო სერვისები, მათ შორის, საჯარო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი ნაწილი ბუნებრივია, ჩქაროსნულ მაგისტრალზე მიემართება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
პროექტის პირვანდელი ვარიანტი ოპოზიციას არ მოსწონს. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მთავარი მიზეზი თანხების არამიზნობრივი გადანაწილებაა.