ვაკის პარკში დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

მოზარდი მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი - Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოდან გაწერეს, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, ვისაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.
სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას ბინაზე, ამბულატორიულ პირობებში გააგრძელებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - „პირველი არხი“.