თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. იტალიის „ნაპოლის“ ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ფანებმა კვარადონა უწოდეს, საგოლე პასის ავტორი გახდა, რომელმაც სპალეტის შეგირდებს „ბოლონიასთან“ მატჩში გამარჯვება მოუტანა.
დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე საშინაო მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ზირკზეეს გოლის შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო მხოლოდ პირველი ტაიმის დასასრულს, ჟეზუსის საპასუხო გოლის შემდეგ, რომელსაც წინ უსწრებდა კვარაცხელიას დარტყმა კარში. „ნაპოლი“ შესვენებაზე ანგარიშით 1:1 გავიდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ნაპოლი“ ირვინგ ლოსანოს გოლის შემდეგ დაწინაურდა, მაგრამ ცოტა ხნით. რამდენიმე წუთში მუსა ბაროუმ ანგარიში ისევ გაათანაბრა – 2:2.
აქ კი ნეაპოლელები ქართველი ნახევარმცველის ზუსტმა პასმა გადაარჩინა. 69-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოში ვიქტორ ოსიმენი შენიშნა და ზუსტი პასი მისცა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. ანგარიში 3:2 გახდა.
კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ შანსი ტაიმის ბოლოს პეტრ ზელინსკისაც ჰქონდა. მაგრამ პოლონელ ფეხბურთელს სიზუსტემ უმტყუნა.
ამგვარად, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 10 ტურის შემდეგ სერია А-ში 26 ქულით ლიდერობს. „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს სტუმრად „რომას“ წინააღმდეგ 23 ოქტომბერს გამართავს.