თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova ორშაბათს თბილისიდან კიშინიოვში პირველ რეისს შეასრულებს.
სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეისის მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება. ის სამუშაო ვიზიტით კიშინიოვში გაემგზავრება. ზურაბიშვილი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს.
მოლდოვისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2022 წლის მაისიდან დაიწყო.
Air Moldova ფრენებს კიშინიოვი-თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით 2022 წლის 31 ოქტომბრამდე კვირაში ორჯერ, ხოლო 2022 წლის ნოემბრიდან – კვირაში ოთხჯერ შეასრულებს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, მოლდოვის სახელმწიფო ავიაგადამზიდავი პირდაპირ ავიარეისებს თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320-ის ტიპის თვითმფრინავებით შეასრულებს
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებს 35 ავიაკომპანია, რომელიც რეისებს 38 მიმართულებით ასრულებს.