თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკის შადრევანზე ჩატარებული სამუშაოების საექსპერტო შეფასება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არ განხორციელებულა, ნათქვამია ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
როგორც ბიუროში აცხადებენ, ამ ტრაგიკული ფაქტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი მაღალია და ვრცელდება არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ექსპერტიზების შემსრულებელ ორგანიზაციასთან დაკავშირებით.
„ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამჟამად ჩართულია საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი და გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს.