თურქეთში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პირველი პირები გამოეხმაურნენ

თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე შატხში მომხდარ აფეთქებას 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა თურქეთის ხალხს და მთავრობას ბართინის პროვინციაში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადეს.
თურქეთის ჩრდილოეთით მდებარე შახტში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 40 ადამიანი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო.
„ტრაგიკული ამბავი თურქეთის ბართინის პროვინციიდან. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ვლოცულობთ მათთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
თურქეთის ხალხს და მთავრობას თანადგომა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში „ტვიტერზე“
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქ კოლეგას, მუსტაფა შენთოფს მიუსამძიმრა.
თურქეთში შახტში აფეთქებისას მსხვერპლთა რიცხვი 40–მდე გაიზარდა>>
„ძვირფასო მეგობარო და კოლეგავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ბართინის პროვინციაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვლოცულობ ამ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლებისთვის და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს“, - დაწერა პაპუაშვილმა „ტვიტერზე“.
აფეთქება შახტში 300 მეტრ სიღრმეში მოხდა. იმ დროს იქ 115 ადამიანი იმყოფებოდა. ზოგიერთი ევაკუირებულია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს