რას ამბობს ექიმი ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

13 წლის მოზარდი ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი– Sputnik. ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სავარაუდოდ, მალე გაეწერება საავადმყოფოდან, განაცხადა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა რეანიმატოლოგმა მარინა ფირცხალავამ.
ლაზარე ლობჟანიძე ერთ-ერთია იმ სამი მოზარდიდან, რომელთაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულებს დენმა დაარტყა.
სამივე „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს - მას გული გაუჩერდა. ორი მოზარდი გადარჩა, ერთ-ერთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ლაზარე ლობჟანიძე ჯერ კიდევ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს.
მარინა ფირცხალავას თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. მოზარდი თავისით სუნთქავს.
„კონტაქტში შემოდის კარგად, შეკითხვებს ადეკვატურად პასუხობს. რისკები მაინც საჭიროებს დაკვირვებას. პროგნოზის მხრივ, ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ მალე გაეწერება. მონიტორინგი გრძელდება ინტენსიურ განყოფილებაში. ნევროლოგიურ სტატუსს ჯერ კიდევ სჭირდება დაკვირვება“, - განაცხადა ექიმმა.
მარინა ფირცხალავა ფიქრობს, რომ ლაზარე საზღვარგარეთ გადაყვანა, ამ მონაცემებით საჭირო არ არის.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს