თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც ჩვენ გვეხმარება, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ.
საქართველოში 14 ოქტომბერს დიდი რელიგიური დღესასწაული – მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. ტრადიციულად, ამ დღის დღესასწაულის ეპიცენტრი საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია, სადაც დილიდან მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან იკრიბებიან.
„ჩვენ მრავალი სასწაული გვინახავს, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ, არ უნდა გაგვიტყდეს გული, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ“, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა და დალოცა ისინი.
თბილისში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.
13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მცხეთობაზე გასართობი ღონისძიებები გაუქმდა შარშანაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.
მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს მცხეთობა–სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან ერთად აღნიშნავს და ასევე იხსენიებს: მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას, სიდონიას და აბიათარ მღვდელს, მელქისედეკ I-ს, მოციქულ ანანიას, ღირს რომანოზს, მოწამე დომნინეს, ღირსმოწამე მიქაელს, ზობიელ იღუმენს და სხვათა.