კობა გვენეტაძემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე ისაუბრა

სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ სიმპოზიუმზე ინვესტორებს საქართველოს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
გვენეტაძე ვაშინგტონში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრა გამართეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონსთან, რომელთანაც განიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის განხორციელების პროცესი, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.
სიტყვით გამოსვლისას ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე.
გვენეტაძემ მიმოიხილა ის ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ განახორციელა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა ვითარებამ და გლობალურად მზარდმა ინფლაციამ საქართველოს ეკონომიკაზეც იქონია ზეგავლენა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად ქვეყნის საფინანსო სექტორი წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ 2023 წლის საქართველოს ბიუჯეტი შეაფასა>>>
გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ „მხარდამჭერ პროგრამას" (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მრავალი წელია ეხმარება საქართველოს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობასთან Stand By-ს შეთანხმება 280 მილიონ დოლარზე.
„2022 წლის ივნისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პროგრამა (Stand-By Arrangement) დაამტკიცა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში მხარს დაუჭერს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა უჩვეულოდ მაღალი გაურკვევლობის ფონზე ინფლაციის შენელების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა. მისიის მიერ გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, „რეგულატორმა გადადგა ნაბიჯები ინფლაციური ზეწოლის შესამსუბუქებლად და ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად".