თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მცხეთიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სვეტიცხოველი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველებისთვის მარადიულობის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლო.
„სვეტიცხოვლობა ჩვენთვის, ქართველებისთვის არის სიმბოლო ყველა იმ ძვირფასი ფასეულობის, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი მართლმადიდებლობა, რწმენა, სულიერი სიმტკიცე, ჩვენი ერთიანობა და ქრისტიანული ფასეულობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ქართველმა ხალხმა ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გადის, მაგრამ საქართველო უფლის რწმენით ყველა განსაცდელს დაძლევს და ქვეყანა გავა სამშვიდობოს. ღარიბაშვილმა ქვეყნის ცხოვრებაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ეკლესიის როლზეც ისაუბრა.
„ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ამიტომაც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე, როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა“, – აღნიშნა პრემიერმა.
დღეს საქართველოში დიდი რელიგიური დღესასწაული მცხეთობა–სვეტიცხოვლობა აღინიშნება, რომელიც ქრისტეს კვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება.
14 ოქტომბერი საქართველოში უქმე დღეა.
გუშინ თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა, მცხეთობა–სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებული ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდა.
ხუთშაბათს თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
გასართობი ღონისძიებები გაუქმდა შარშანაც ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომლის დროსაც 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.