თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს ქვეყნის პირველმა პირებმა მიუსამძიმრეს.
ვაკის პარკში 13 ოქტომბერს სამ მოზარდს დენმა დაარტყა, როდესაც ისინი შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. სამივე მათგანი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ტრაგედია არავინ უნდა განიცადოს.
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს. როგორც ადამიანი, შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა.
„სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები, ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს. ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ამ დღეებში ვაკის პარკში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც მრგვალი შადრევნისა და პატარა კასკადის განახლებას ითვალისწინებდა. ამ სამუშაოებზე თბილისის მერიამ 6,5 მილიონი ლარი დახარჯა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიის მთავარი კონტრაქტორი კომპანია „გრინ სერვისი“ იყო და შადრევნის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე ის შესაბამისმა სამსახურებმა შეამოწმეს.