„არის უარის საფუძველი“ - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე

ქართული მხარე სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებისთვის გადაცემას არ აპირებს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემაზე უარისთვის არის მკაფიო მიზეზი და კანონიერი საფუძვლები, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ვადიმ ზავორიტნიმ განაცხადა, რომ უკრაინის სასამართლომ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დაავალა, მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უკრაინისთვის დროებით გადაცემის თხოვნით, რათა ის 2018 წლის საქმეზე სასამართლოს წინაშე გამოვიდეს, რომელშიც ექს-პრეზიდენტი დაზარალებულის სახითაა წარმოდგენილი.

„მსგავსი ოფიციალური მოთხოვნა არ შემოსულა, ამიტომ მსჯელობა ჩვენი მხრიდან შესაძლოა გარკვეულწილად არარელევანტურიც იყოს. როდესაც მსგავსი ტიპის მოთხოვნა შემოდის, იქვეა უარის თქმის საერთაშორისო შეთანხმებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, ამგვარი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში ქართულ მხარეს აქვს უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.
„სააკაშვილი არის მსჯავრდებული ორ საქმეზე და დანარჩენ სამ საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად, თეორიულადაც თუ დავუშვებთ, რომ ოფიციალური მოთხოვნა შემოვა, არის უარის საფუძველი“, – აღნიშნა ბრეგაძემ.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს უკრაინას ექს-პრეზიდენტს არ გადასცემს და პოლიტიკურ თამაშებს არ ითამაშებს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში რვა წლის შემდეგ, 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
რა არის საჭირო სააკაშვილის სასჯელის გადასავადებლად? იუსტიციის მინისტრის პასუხი>>
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს