თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ადვოკატებმა უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზის შესახებ, რათა დასრულდეს სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, განაცხადა სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ.
სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დ'ანჯელომ ამ დღეებში განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს შეტევა ჰქონდა, როდესაც მასთან პალატაში პროკურორები მივიდნენ. მისი თქმით, სააკაშვილს პერიოდულად უწევს წნევა და ტემპერატურა, მას ჭამა არ შეუძლია.
„ადვოკატი, რომელიც გამოდის და საუბრობს აბსოლუტურად არასამედიცინო ტერმინოლოგიით, გაურკვეველ რაღაცებს, გამოაქვეყნონ და მერე უკვე დანარჩენმა საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოს პირობებში“, – განაცხადა ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, ადვოკატებს ხელთ აქვთ კლინიკაში ყველა მიმართულებით ჩატარებული დიაგნოსტიკის მთელი სპექტრი. როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ახლა მათ გამოითხოვეს პაციენტზე ბოლო კვირის სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია.
„მათ აქვთ სრული საშუალება იმის, რომ გამოაქვეყნონ ეს დიაგნოზები. კლინიკას უნდა ჰქონდეს პაციენტის წერილობით თანხმობა, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს“, – აღნიშნა ნადირაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის გარემო, რომელშიც ახლა იმყოფება. „მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი“, – განაცხადა ნადირაძემ.
ამასთან, სააკაშვილს დასმული აქვს ყველა დიაგნოზი, მიმდინარეობს მკურნალობა და ექიმები ფაქტობრივად რეაბილიტაციის ფაზას უახლოვდებიან, აღნიშნა მან.
„შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტი კვლავ აგრძელებდეს მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში. ის არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას“, – განაცხადა ნადირაძემ.
სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან იმყოფება. საავადმყოფოში ის ჯანმრთელობის მდგომარეობის მორიგი გაუარესების გამო მოხვდა. დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც 50 დღე გაგრძელდა.
სააკაშვილი, ადვოკატების ინიციატივით, რამდენიმე უცხოელმა ექსპერტმაც გასინჯა. ადვოკატების აზრით, უცხოელი ექსპერტების დასკვნა, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად, ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადებისთვის შუამდგომლობის საფუძველი გახდება.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში რვა წლის შემდეგ, 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.