თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. შოტლანდიურმა სპორტულმა პორტალმა Scotland Football ევრო-2024-ის შესარჩევი ციკლის А ჯგუფში შოტლანდიის ნაკრების მეტოქეების შესახებ სტატია გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა.
ევრო-2024-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა კვირას ფრანკფურტში გაიმართა. მასში მონაწილეობდა ევროპის 53 გუნდი. ისინი ცხრა ჯგუფად დაყვეს. საქართველოს ნაკრები А ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, შოტლანდიასთან, ნორვეგიასთან და კვიპროსთან ერთად.
„მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიის ნაკრები ბევრად წარმატებულია კვალიფიკაციაში, საქართველოს ორი გამარჯვება (და ორი მარცხი) აქვს შოტლანდიელებზე – ბოლო მატჩი თბილისში, როდესაც საქართველომ გაიმარჯვა 1:0 და კინაღამ შოტლანდია ევრო-2016-ზე თამაშგარე დატოვა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მიუნხენის „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდა ვილი სანიოლი წვრთნის, რომელმაც 2021 წლის თებერვალში დანიშვნიდან მოყოლებული, 20-დან 10 მატჩი მოიგო.
შოტლანდიელებმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ძირითად მოთამაშედ „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს.
„ქართველებს ძლიერი ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ შოტლანდია მათ მაინც გაუსწრებს. გამოჩენილი მოთამაშეა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც შთამბეჭდავად თამაშობს „ნაპოლიში", ხოლო მის გუნდს „სერია А“-ში პირველი ადგილი უკავია“, – აღნიშნულია სტატიაში.
საქართველო შოტლანდიას 2023 წლის 20 ივნისს სტუმრად, ხოლო 16 ნოემბერს შინ დაუპირისპირდება.