თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სპეციალისტები სამეგრელოში უამინდობის შედეგებს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეძაძამეში დანგრეული ხიდის ნაცვლად ახალი აიგება, მისი მშენებლობა უკვე დაიწყო, იუწყება სამეგრელო–ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია.
პროცესს ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გაეცნო სენაკის მერთან ერთად. ახალი ხიდის აწყობა ოთხ დღეში დასრულდება.
უამინდობისა და ხიდის ჩამონგრევის შედეგად გარე სამყაროს 76 ოჯახი მოწყდა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ასევე უახლოეს პერიოდში მოხდება წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის აღდგენა.
10-11 ოქტომბერს ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია. გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა კერძო სახლების და კორპუსის ეზოები, პირველი სართულები, სარდაფები, დაზიანდა გზები.
შიდასახელმწიფო მნიშვნელობის შუა ხორგა–ყულევის გზაზე მოძრაობა დროებით აკრძალულია. ხობის რაიონში უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე ხობისწყალი, რის შედეგადაც გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დაიტბორა.