ოთარ შამუგია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა

სესიაში 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი მონაწილეობდა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის 50-ე სესიაზე ისაუბრა. სესია რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინაში გაიმართა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
სესიაზე, რომელსაც მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის მინისტრი და მაღალი რანგის დელეგატი ესწრებოდა, განხილვის მთავარი თემა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინაცია, სასურსათო უსაფრთხოების და კვებითი ღირებულების მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა იყო.

„ვმუშაობთ, რომ პროდუქციის რეალიზაცია მოხდეს როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. ფერმერებსა და მეწარმეებს სახელმწიფო აძლევს იაფ ფინანსურ რესურსს, მათთვის ხელმისაწვდომია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები“, – აღნიშნა შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციას. მხარს უჭერს ფერმერებსა და აგრომეწარმეებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტში.
როგორც შამუგიამ აღნიშნა, საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე ყველა სახელმწიფო პროექტი და პროგრამა მიზნად ისახავს, ქვეყანაში შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი და წარმოების დინამიკა იყოს მზარდი.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული FAO-ს მიერ ორგანიზებული სასურსათო სისტემების ეროვნული დიალოგების ჩატარების პროცესში, მომზადდა შესაბამისი ანგარიში, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას წარედგინა.
მიმდინარე წლის მარტში შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი მოაწერეს FAO-ს ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელშიც საუბარია 2021-2025 წლებში საქართველოს აგროსასურსათო სისტემების განვითარების მიმართულებებზე.
ახალი შეთანხმება ითვალისწინებს მცირე მიწათმფლობელებისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების დახმარებას პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების მხარდაჭერისთვის.
სოფლის მეურნეობის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში იგეგმება სოფლების გაძლიერება, ადგილობრივი წარმოების გაზრდა და რეგიონებში სიღარიბის დონის შემცირება.
2030 წლისთვის მთავრობისა და კერძო სექტორის ერთობლივმა ინვესტიციებმა სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდი ლარი უნდა შეადგინოს.