ანკარიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი შესრულდება

2021 წელს Turkish Airlines გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი გახდა – ავიაკომპანიის მომსახურებით 274,4 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus ანკარიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს იწყებს, პირველი რეისი 2 ნოემბერს შესრულდება, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილსა და თურქული ავიახაზების წარმომადგენლებს შორის სტამბულში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
Turkish Airlines-ისა და Pegasus-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ოთხივე სეზონზე საქართველოს მიმართულებით ფრენების შესრულებას.

ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ზამთრის სეზონზე ბათუმის მიმართულებით ოპერირება კვირაში 5 სიხშირით გაგრძელდეს, რაც აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიაკომპანიების Turkish Airlines-სა და Pegasus Airlines-ის მიერ შესაძლო ავიარეისების დანიშვნის საკითხსაც შეეხო.
გუშინ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტამბულში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში. შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორების კიდევ უფრო დაახლოება, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზება, გამოცდილების გაზიარება, მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების განვითარება, იმსჯელეს მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს