აფეთქება ყირიმის ხიდზე: საქართველოში საქმეში მონაწილეობას უარყოფენ

საბაჟო საზღვარი არ გაუვლია ტროტილით ან სხვა სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ არც ტრაილერს, არც ვაგონს, განაცხადეს თბილისში.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ავტომობილს არ გადაულახავს საქართველოს საბაჟო საზღვარი – ეს ყველაფერი სპეკულაციებია, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ყირიმის ხიდის აფეთქებაში ქართული მხარის შესაძლო მონაწილეობის შესახებ.
უფრო ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა განაცხადა, რომ რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ თანამშრომლებმა ყირიმის ხიდზე ტერაქტში ეჭვმიტანილები და მონაწილეები დაადგინეს. ასევე ცნობილია აფეთქების წინ სატვირთო ავტომობილის გადაადგილების მარშრუტი. მისი თქმით, ეს ქვეყნებია ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და კრასნოდარის მხარე.

„საბაჟო საზღვარი არ გაუვლია ტროტილით დატვირთულ არცერთ ტვირთს და არც სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ სატვირთოს თუ ვაგონს. თუ ვინმე არგუმენტირებულად დაასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზღვარი გაიარა, გამოძიებაც დაიწყება და პასუხისმგებელი პირებიც იქნებიან“, – განაცხადა კაკაურიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ზეპირი ბრალდებების უკან არცერთი არგუმენტი არ არსებობს.
„ჩვენმა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა ძალიან კარგად იცის, კონტროლის ნაწილში საბაჟო სამსახურები როგორ მუშაობენ როგორც ევროკავშირის, ისე ამერიკის მხრიდან, მუდმივ რეჟიმში გვაქვს თანამშრომლობა მათთან“, – აღნიშნა კაკაურიძემ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოა.
რუსულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს რუსეთის ხუთი მოქალაქე, ასევე სამი უცხოელი – უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, შაბათს, 8 ოქტომბერს, გამთენიისას ყირიმის ხიდზე ააფეთქეს სატვირთო მანქანა, რამაც სარკინიგზო შემადგენლობის შვიდი ცისტერნის აალებაც გამოიწვია. საავტომობილო ხიდის ორი მონაკვეთი ჩაინგრა.
აფეთქება ყირიმის ხიდზე: დაკავებულია 8 ადამიანი - „ეფ-ეს-ბე“ დეტალებს ასაჯაროვებს>>
უწყების წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ტერაქტის დამკვეთი და შემსრულებელი უკრაინის სპეცსამსახურებია.
ბასტრიკინმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ტვირთის ბულგარეთიდან ფოთის პორტში და შემდეგ სომხეთში გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები: მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო; საქართველოს მოქალაქე სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად „ლევანი“ და ასევე სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.
„ეფ-ეს-ბეს“ მონაცემებით, ტვირთს მთელ მარშრუტზე აკონტროლებდა უკრაინის დაზვერვის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც სქემის მონაწილეები „ივან ივანიჩის“ სახელით იცნობდნენ. მოქმედებათა კოორდინაციისთვის ის კრემენჩუგში მცხორები სერგეი ანდრეიჩენკოს სახელზე დარეგისტრირებულ ვირტუალურ ანონიმურ ნომერსა და ტელეფონს იყენებდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს