მსოფლიო დღეს

ამერიკელი სენატორი საუდის არაბეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. შეერთებულმა შტატებმა თანამშრომლობა უნდა შეწყვიტოს საუდის არაბეთთან OPEC+-ის გადაწყვეტილების გამო – შეამციროს ნავთობის სადღეღამისო მოპოვება 2 მლნ ბარელით, მიაჩნია აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რობერტ მენდესს.
მენდესის თქმით, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება „საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან“ გამომდინარე მიიღო.
სენატორის აზრით, ვაშინგტონმა ერ-რიადთან თანამშრომლობა ყველა ასპექტში უნდა გაყინოს, „შეიარაღების გაყიდვისა და უშიშროების სფეროში თანამშრომლობის“ ჩათვლით. მენდესს მიაჩნია, რომ ასეთი ზომები აუცილებელია ამერიკელი სამხედროებისა და მათი ინტერესების დასაცავად.
ამასთან რობერტ მენდესმა განაცხადა, რომ ის, როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, არ დაუჭერს მხარს საუდის არაბეთთან არანაირ თანამშრომლობას მანამ, სანამ ეს სამეფო უკრაინაში კონფლიქტის მიმართ პოზიციას არ შეიცვლის.
მანამდე, 5 ოქტომბერს OPEC+-ის ქვეყნები ნავთობის სადღეღამისო მოპოვების 2 მლნ ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ამასთან საუდის არაბეთისა და რუსეთის კვოტები 500–500 ათასი ბარელით დაიწევს. ვაშინგტონმა „ოპეკის“ გადაწყვეტილებას „მცდარი“ უწოდა და ორგანიზაციას რუსეთთან სოლიდარობის გამო უსაყვედურა. OPEC+-ის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში შედის ძალაში, ნავთობის მსოფლიო ფასებმა უკვე აიწია. ექსპერტების აზრით, უახლოეს თვეებში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარს გადააჭარბებს.