მსოფლიო დღეს

ლიზ ტრასი G7-ის სხდომაზე ნატოს ლიდერთა საგანგებო შეხვედრას მოითხოვს

Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. დღეს G7-ის ქვეყნები საგანგებო სხდომას გამართავენ, რომელზეც „დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის მიერ უკრაინის გუშინდელ სარაკეტო დაბომბვაზე იმსჯელებენ.
არსებული ცნობით, სხდომა ონლაინ-ფორმატში ჩატარდება და მასში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხდომაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა საგანგებო შეხვედრის ჩატარებას, ასევე მკაცრი ანტირუსული სანქციების შენარჩუნებას მოითხოვს.
როგორც ბრიტანეთის მთავრობის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ტრასს ნატოს ლიდერების შეხვედრა აუცილებლად მიაჩნია, რათა მოკავშირეებმა „პუტინის მოქმედებების მიმართ ერთიანი და მტკიცე“ პოზიცია დააფიქსირონ.

„არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ოდნავაც არ უნდა შევასუსტოთ სურვილი იმისა, რომ დავეხმაროთ [უკრაინელებს] გამარჯვებაში“, − ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბერს რუსეთმა, პირველად რამდენიმე თვის განმავლობაში, მასიური სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინაზე, რასაც, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების ნგრევის გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოჰყვა.