თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კანონმდებლობის გადახედვა.
ბოლო დროს საქართველოში ფემიციდის ფაქტები გახშირდა. მხოლოდ გასულ კვირაში ძალადობას სამი ქალი ემსხვერპლა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 26 წლის ქალი, სამი შვილის დედა. გამოძიების მონაცემებით, ქმარმა მას ყელი გამოჭრა. ინციდენტი ბავშვების თვალწინ მოხდა.
„ალბათ ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა შევხედოთ, საკანონმდებლო კუთხით რისი დახვეწა შეიძლება, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ამ კანონის აღსრულება და ცნობიერების ამაღლება. თითოეული ასეთი მსხვერპლი ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ბრძოლა, განსაკუთრებით ეს შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, კანონის გამკაცრების წყალობით, მათ შორის აღსრულების თვალსაზრისით, ქვეყანაში სამჯერ შემცირდა ფემიციდის შემთხვევები.
„თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველი ეს ფაქტი შემზარავია... მნიშვნელოვანია შევხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იმ ქვეყნების, რომლებმაც შეძლეს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო – რა გამოცდილებაა და როგორ შეიძლება ეს უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია ქალის მკვლელობის 129 მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.