თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა თურქულ კომპანია ENKA-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით მოქმედ შეთანხმებაში რიგი ცვლილებების შესატანად, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
თურქულმა ინვესტორმა ENKA Renewables LLC 2022 წლის მარტის ბოლოს ოფიციალურად გაწყვიტა კონტრაქტი საქართველოს მთავრობასთან. მიზეზად დასახელდა მთავრობის მიერ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და ფორს-მაჟორული გარემო.
„ენკამ" ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, მიმართა არბიტრაჟს, თუმცა ჩვენ დიალოგის რეჟიმში ვართ კომპანიასთან. გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარი სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში აუცილებლად აცნობებს.
„ჩვენთვის „ნამახვანი“ რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ ფორმატით თუ სხვა ფორმატით, აუცილებლად განხორციელდება", – აღნიშნა მინისტრმა.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2021 წლის სექტემბერში საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის" მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესის" პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია იგეგმებოდა.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტით „ნამახვანჰესი" ორი ჰესის კასკადისგან უნდა შედგებოდეს: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ-ია. კასკადის მეშვეობით დარეგულირდებოდა წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან აცილებულიყო წყალდიდობა.
ჰესის მშენებლობამ რიონის ხეობაში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. 2021 წელს საპროტესტო აქციების ტალღამ საქართველოს ქალაქები მოიცვა და თბილისამდე მოაღწია. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა.