საქართველოში შესვლის მიზნით ქორწინებაზე იძულება დასჯადი ხდება

სამართალდარღვევა დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ვადით
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik.პარლამენტის დეპუტატები იწყებენ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას, რომლის თანახმადაც საქართველოში შესვლის მიზნით ქორწინებაზე იძულება და პირის დაყოლიება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციიდან გამომდინარე მომზადდა, რომელიც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას.
სამართალდარღვევა დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დიდ დიღომში ქალის მკვლელობის ფაქტზე ბრალი ირანის მოქალაქეს წარუდგინეს >>
ამასთან, ცვლილებებით, ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულება, დაისჯება – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ ზემოთ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; არაერთგზის; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დანაშაულის ჩამდენი პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.