თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ, ღამით დაიღუპა. ავტოავარია თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. ლაშა იყო „ქართული ოცნების” დიდი გუნდის გამორჩეული წევრი, ღირსეული ქართველი და პროფესიონალი. მისი გარდაცვალება განუზომელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისათვის“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაილერს შეჯახა. თერჯოლის მერი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გოგინაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი იყო. იგი თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს.