თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თერჯოლის მერის ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამსდა მისი ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს სამძიმარს უცხადებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ, ღამით დაიღუპა. ავტოავარია თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თერჯოლის მერის, ბატონი ლაშა გოგიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი სახით ჩვენმა გუნდმა, თერჯოლამ და მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ახალგაზრდა, თავისი ქვეყნის პატრიოტი სახელმწიფო მოღვაწე“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაილერს შეჯახა. თერჯოლის მერი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გოგინაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი იყო. იგი თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს.