თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ მის გუნდს საქართველოს ნაკრებთან რთული თამაში ელის - ასე გამოეხმაურა ესპანელთა მწვრთნელი „ევრო 2024-ის“ საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგებს, სადაც მისი გუნდი საქართველოს ნაკრებთან ერთად A ჯგუფში მოხვდა.
დღეს ფრანკფურტში „ევრო 2024“-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობა 53-მა ნაკრებმა მიიღო, რომლებიც ათ ჯგუფად დაყვეს. „ევრო2024“-ის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის გუნდები.
„საქართველოსთან ყოველთვის მძიმე მატჩები გვქონდა, მათ წინა შესარჩევ ეტაპზეც ორჯერ ვეთამაშეთ. ნორვეგიას ჰყავს დიდი მსოფლიო ვარსკვლავი (ერლინგ ჰალანდი), ფეხბურთელი, რომელიც, შესანიშნავად ხედავთ, რასაც წარმოადგენს. შოტლანდია ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელმაც საგრძნობლად გააუმჯობესა თავისი მაჩვენებლები. იოლი თამაშები არც კვიპროსთან გველის“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.
ესპანელების თავკაცი მთლიანობაში კმაყოფილია წილისყრის შედეგებით, მაგრამ მოდუნებას არ აპირებს და მეტოქეების ანალიზის გაკეთებას აპირებს.
„კმაყოფილი ვარ წილისყრის შედეგებით იმის გამო, რომ ესპანეთი ასცდა ისეთ ნაკრებებს, როგორებიც არიან ინგლისი და საფრანგეთი, რომლებიც მეორე კალათაში იყვნენ განთესილები. თუმცა, ყველამ იცის, როგორც ხდება – წილისყრა გაიმართება და გგონია, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება, მაგრამ ფეხბურთში გასაოცარი ამბები ხდება და ყველაფერია მოსალოდნელი. ყოველთვის ჩნდება გამოუცნობი გუნდი, რომელიც გაგაოცებს“, - განაცხადა ლიუს ენრიკემ.
ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა. პლეი-ოფში ადგილები გადაეცემა ერთა ლიგის საუკეთესო ორ გუნდს, რომლებიც ფინალურ ტურნირზე უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ვერ მოხვდნენ.